UPCOMING PERFOMANCES

DVD Videos

Lucky Red presents collaboration between legendary Spanish director Carlos Saura and the Oscar Winner Italian cinematographer Vittorio Storaro. A drama based on the life of 18th century Italian lyricist Lorenzo da Ponte, who collaborated with Mozart on his Don Giovanni opera.

ABOUT

 

ქართველ ვოკალისტთა ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე დაიბადა თბილისში, დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურა (პროფ. გ. კარიაულის კლასი). ჰ.გ. ბელვედერის საერთაშორისო კონკურსზე მოგებული ლა სკალას საოპერო თეატრის სპეციალური პრიზით, უგამოცდოდ ჩაირიცხა ამავე თეატრთან არსებულ აკადემიაში. ქეთევან ქემოკლიძემ გამარჯვება მოიპოვა პ. დომინგოს, ფ. ვინიასის, ტულუზის, ჰ.გ. ბელვედერის და ე. ობრაზცოვას საერთაშორისო კონკურსებზე. იგი ასევე არის საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა III რესპუბლიკური და ახალგაზრდული კონკურსების ლაურეატი.

 

2002 წელს, ჯერ კიდევ კონსერვატორიაში სწავლისას, შედგა მისი წარმატებული სასცენო დებიუტი მადალენას პარტიით - ვერდის რიგოლეტოში. ამას მოჰყვა სამშობლოში მისი აქტიური საშემსრულებლო გამოსვლები ცნობილ ქართველ დირიჟორებთნ, რეჟისორებთან და სიმფონიურ თუ კამერულ ორკესტრებთან, რომელთაგანაც აღსანიშნავია: ვერდის ოტელო, ჰენდელის ამადიჯი, მოცარტის რეკვიემი”, “მესა-ბრევისი, პერგოლეზის სტაბატ მატერი, ბეთჰოვენის IX სიმფონია. მისი მონაწილეობით პირველად საქართველოში შესრულდა ბერლიოზის კლეოპატრას სიკვდილი“, ჰენდელის მესია და ბახის საშობაო ორატორია".


ქეთევან ქემოკლიძე ითვლება როსინის სევილიელ დალაქიდან როზინას პარტიის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად,  რომლითაც დიდი წარმატება მოიპოვა ბერლინის დოიჩე ოპერის, პარმის სამეფო თეატრის, ტულუზის კაპიტოლის თეატრის, მონპელიეს ნაციონალური თეატრის, ნიცის ოპერის, პალერმოს ტეატრო მასიმოს, სანტიაგოს მუნიციპალური თეატრის, რაინის დოიჩე ოპერისა და მარსელის მუნიციპალური ოპერის სცენებზე და ვაშინგტონის ნაციონალურ ოპერაში, პლასიდო დომინგოს მოწვევით, სადაც ამ პარტიით შედგა მისი ამერიკული დებიუტი. პლასიდო დომინგოს სახელსვე უკავშირდება ქეთევანის წარმატებული დებიუტი როსინის "კონკიაში" ლოს ანჯელესის ოპერაში. ქეთევანი თავისი განსაკუთრებული ვოკალური და სასცენო მონაცემების წყალობით დიდი წარმატებით გამოდის მსოფლიოს მნიშვნელოვან საოპერო თეატრებში: 2015 წელს ქეთევანმა ვერდის "დონ კარლოსში" პრინცესა ებოლი დაუვიწყარი სახე შექმნა ელ ესკორიალის ფესტივალზე, თბილისის ოპერის სცენაზე და ისრაელის ოპერაში ლეგენდარული დანიელ ორენის დირიჟორობით. ამავე წელს შესდგა მისი დებიუტი დონიცეტის "მარია სტუარდში" დედოფალ ელისაბედის როლში ვიელკის - პოლონეთის ნაციონალურ ოპერაში. 2014 წელს დიდი წარმატებით შედგა მისი დებიუტი კარმენის როლში ტოკიოს ახალ ნაციონალურ თეატრში. ამ როლითვე წარსდგა მარინსკის სამეფო თეატრის, რაინის დოიჩე ოპერის, ბოსტონის სცენებზე. ამავე წელს შედგა მისი სკანდინავიური დებიუტი იზოლიერის როლით როსინის "გრაფი ორიში" მალმოს ოპერაში. ქეთევანი დაბრუნდა ტოკიოსა და ვაშინგტონში პრეციოზილას როლით ვერდის "ბედის ძალაში". 2010 წელს შედგა მისი აღსანიშნავი დებიუტი ლონდონის სამეფო თეატრში, სტეფანოს პარტიით გუნოს რომეო და ჯულიეტაში. ბელვედერის კონკურსზე მოგებულ ბარსელონის ლისეუს თეატრის სპეციალურ პრიზს მოჰყვა ვერდის ოტელოში” მისი ესპანური დებიუტი. ამავე სცენაზე, სხვა და სხვა წლებში, ის ბარსელონაში დაბრუნდა "სევილიელი დალაქით", ფაუსტით”, "რიგოლეტოთი" და დონიცეტის ლინდა დი შამუნით. მან თავისი მომაჯადოებელი ქერუბინოთი, მოცარტის ფიგაროს ქორწინებიდან, მონტე-კარლოს ოპერის, სანტიაგოს მუნიციპალური თეატრისა და მადრიდის სამეფო თეატრის მსმენელთა გულები დაიპყრო. მადრიდში შედგა მისი დაუვიწყარი დებიუტი ადალჯიზას როლში, სადაც ლეგენდარული იტალიელი სოპრანო მარიელა დევია ასრულებდა ნორმას პარტიას. ასევე ადალჯიზას პარტიით წარმატებით წარსდგა თბილისის ოპერის სცენაზე. მადრიდში ქეთევანმა ასევე შეასრულა ამორის როლი, მარტინ სოლერის ოპერაში დიანას ხე. ქეთევანი პირველი ქართველია, რომელმაც იმღერა ცარცუელა მადრიდის ცარცუელის თეატრში.  ესპანურმა და ფრანგულმა პრესამ მაღალი შეფასება მისცა მის მიერ შექმნილ ჯოვანა სეიმურის სახეს სევილიის მაესტრანცას და ავინიონის საოპერო თეატრებში.  ქეთევან ქემოკლიძე არის იტალიური თეატრების ხშირი და სასურველი სტუმარი: მოცარტის ასე იქცევა ყველა ქალიასკანიო ალბაში”, “სევილიელი დალაქი”, შტრაუსის სალომე, მენდელსონის ზაფხულის ღამის სიზმარი და ვერდის რიგოლეტო ლა სკალას სცენაზე, ეს უკანასკნელი ასევე შეასრულა ლა სკალას ტურნეში იაპონიაში და სანქსეს ფესტივალზე საფრანგეთში. გუნოს რომეო და ჯულიეტა ვერონის არენაზე და ვენეციის ფენიჩეს თეატრში, ჩაიკოვსკის ეუგენი ონეგინი ნეაპოლის სან კარლოს თეატრში, ბერლიოზის კლეოპატრას სიკვდილი სპოლეტოს ფესტივალზე, ლინდა დი შამუნითრომის საოპერტო თეატრში და "კარმენი" კარაკალის თერმებზე, გუნოს ფაუსტი” და მასნეს ტაისი ტურინის სამეფო თეატრში, ცნობილი იტალიელი რეჟისორის პიერ-უიჯი პიცის მოწვევით გამოდიოდა მაჩერატას საოპერო ფესტივალზე გუნოს ფაუსტში და მოცარტის ასე იქცევა ყველა ქალში. ამ უკანასკნელში მომღერალმა დორაბელას დასამახსოვრებელი სახე შექმნა ასევე ანკონის მუზების თეატრშიც. აღსანიშნავია, მისი გამოსვლა გრაცის ოპერაში ფენენას პარტიაში ვერდის ნაბუქოდან და პრინცესა კლარისით პროკოფიევის სამი ფორთოხლის სიყვარულიდან. ვექსფორდის ფეტსივალზე პირველად წარსდგა ირლანდიელი პუბლიკის წინაშე დონნა ინესის როლით დონიცეტის მარია პადიიდან. ბაროკოს ეპოქის  მუსიკის შედევრში - ჰენდელის იულიუს კეისარი შეასრულა კეისრის ურთულესი ვოკალური პარტია თესალონიკის თეატრ მეგარონში.


მისი მრავალფეროვანი საკონცერტო გამოსვლებიდან აღსანიშნავია: ივანე მრისხანე” და ალექსანდრე ნევსკი  საკონცერტო ტურში პეტერბურგის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მაესტრო იური ტემირკანოვის დირიჟორობით დონასტია სან-სებასტიანის, ანესის, საგრა მუსიკალეს და “მიტო”-ს კლასიკურ ფესტივალებზე; ალექსანდრე ნევსკი” ვალენსიის პალაუ დე მუსიკაში, ბრატისლავას მუსიკალური ფესტივალის დახურვაზე და ნეაპოლის სან კარლოს თეატრის სიმფონიური სეზონის გახსნაზე. ბერლიოზის კლეოპატრას სიკვდილი“ სევილიის სამეფო სიმფონიურ ორკესტრთან ჯონ აქსელროდის დირიჟორობით. პერგოლეზის სტაბატ მატერი”, ჰენდელის "მესია" და ვივალდის მაგნიფიკატი” ვენეტოს ფესტივალის ინაგურაციაზე “სოლისტ ვენეტისთან ერთად, სკარლატის “ქალწულ მარიამის ტკივილი ბილბაოს ტეატრო კამპოსში “ვირტუოზ დელლე მუზესთან” ერთად, მოცარტის რეკვიემი ტურინის ტეატრო რეჯოში, ვოკალური ციკლი მალერის გარდაცვლილ ბავშვებზე მენჰირის მუსიკალურ ფესტივალზე, სტარავინსკის პულჩინელა ა.ბ. მიქელანჯელის ფესტივალსა და ლა სკალას სცენაზე, სოლო კონცერტები ტულუზის კაპიტოლის თეატრში, ვექსფორდის და ლაიფ ვიქტორიას ფეტსივალზე, ჰოჰენჰემის სასახლეში, ნოიბურგის კონგრეგაციის დარბაზში და თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში; გალა კონცერტები ბერლინში, დუსელდორფის, ლაიფციგისა და ბაზელის საოპერო თატრებში, საერთაშორისო ფესტივალი “მიტო”, “სტრეზას მუსიკალური კვირეულები”, “მოცარფესტი 2006”, ალ ბუსტანის საერთაშორისო ფესტივალი და სხვა.


ქეთევან ქემოკლიძემ უდიდესი წარმატებით შეასრულა ადრიანა ფერარეზეს (დონა ელვირას) როლი ლეგენდარული ესპანელი რეჟისორის კარლოს საურას ფილმში მე, დონ ჯოვანი”, რომელმაც არაერთი  გაიმარჯვება მოიპოვა კინოს საერთშორისო ფესტივალებზე.


მისი დისკოგრაფია მოიცავს: როსინის სევილიელ დალაქ, გუნოს რომეო და ჯულიეტა, ვერდის ოტელო”, ბერლინის ოპერნ-გალას, მასნეს “ტაისის, შტრაუსის სალომე, მენდელსონის ზაფხულის ღამის სიზმარ”. 

 

2000-2005 წლებში გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი.


2005 წელს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში მიენიჭა მაგისტრის წოდება.